Hot Line 13 00

რუსთავის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა

რუსთავის საკრებულოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა, წუთიერი დუმილით გაიხსნა.

საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. დეპუტატებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. დამტკიცდა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

საკრებულოს წევრებმა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილების მიხედვით, “ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი” უფლებამოსილია განახორციელოს კანონით დადგენილი სამართლებრივი ღონისძიებები. ახალი წესის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში და ტრანსპორტში მოქალაქე შინაურ ცხოველთან ერთად გადაადგილებისას ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ძაღლი გარე სივრცეში უნდა იყოს საბელით ან ალიკაპით, კატა – კონტეინერში ან სპეციალურ ჩანთაში – წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური შეადგენს საჯარიმო ქვითარს.

სხდომაზე ასევე განიხილეს და დაამტკიცეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირუტყვის გადასარეკად გამოსაყენებელი ქუჩების სია და დეველოპერული კომპანიის „სინერჯი თაუერსის“ მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმა. დეპუტატების გადაწყვეტილებით მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაუდასტურდათ. საკითხები დეპუტატებს მერის მოადილემ ოთარ ტატალაშვილმა და მერიის შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილმა პირებმა გააცნეს.