მერვე მოწვევის საკრებულოს სხდომა გაიმართა
რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ქალაქში გარე ვაჭრობის მოწესრიგება. დეპუტატებმა ცვლილება შეიტანეს საკრებულოს N9 დადგენილებაშიც. ცვლილების მიხედვით, მერის წარმომადგენლებს ექნებათ უფლება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ ოფიციალურ წერილებს თავად მოაწერონ ხელი. ეს გადაწყვეტილება მოქალაქეების განცხადებებსა და მოთხოვნებზე პასუხის გაცემის პროცესს დააჩქარებს და უფრო მოქნილს გახდის.
სხდომაზე ასევე განიხილეს და დაამტკიცეს მოქალაქის მიერ წარმოდგენილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო განაშენიანების დეტალური გეგმა. საკითხები დეპუტატებს მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ბეჟუაშვილმა და არქიტექტურის სამსახურის იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან კანდელაკიშვილმა გააცნეს.











