Hot Line 13 00

რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა და დეპუტატებს საკრებულოს მიერ ინიცირებულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა.

,,მოგახსენებთ, რომ სულ ახლახანს, საკრებულოს გუნდის ინციატივით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში დაიწყო უპრეცედენტო პროექტი – ჩვენი ქალაქის მუზეუმი იქნება აუდიოდისკრიფციით გახმოვანებული პირველი სივრცე საქართველოში სადაც მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანები ისტორიის სრულფასოვნად აღქმას შეძლებენ.

საკრებულოს გუნდს აქტიურად აქვს დაწყებული მუშაობა ქალაქში ქუჩების დამისამართების პროექტზე, ჩვენ უკვე შევხვდით ყველა შესაბამისი საჯარო უწყების თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. უახლოეს პერიოდში ვიწყებთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მოსახლეობასთან რათა მიმდინარე პროცესში მათი მოსაზრებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.

ინტენსიურად ვმუშაობთ ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევის – ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით და მერიასთან ერთად, აქტიურად ვახორციელებთ უნიკალური ჭალის ტყის აღდგენის პროექტს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიული მნიშვნელობის პროცესში, ჩვენი ახალგაზრდები, მათ შორის მოსწავლეები არიან ჩართული.” – განაცხადა სხდომაზე მამუკა რეხვიაშვილმა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.

ცვლილება შევიდა მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულებაში – გაფართოვდა სამსახურის უფლებამოსილება. მუნიციპალური ინსპექცია ქალაქში უნებართვო გარე ვაჭრობის და ავტოსატრანსპორტო საშუალების არასწორი დგომა-გაჩერების ფაქტებზე გამოწერს ჯარიმას.

დამტკიცდა დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გეგმის პროექტები.

ცვლილებები შევიდა „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ და „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსების“ პროგრამებში.

დეპუტატების გადაწყვეტილებით მოქალაქეებს დაუდასტურდათ აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

სხდომაზე საკითხები დეპუტატებს მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა გააცნეს.