საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მარინა ლიპარტელიანის ვიზიტი ბრიუსელში

9-10 ივნისს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარინა ლიპარტელიანმა ბრიუსელში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის(PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს და მმართველი კომიტეტის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოდან ასევე შედის თბილისის საკრებულოს წევრი მარიამ გრიგოლიშვილი.
პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლზე საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის პროცესში, ასევე, ევროკავშირის გლობალური პარტნიორობის პრიორიტეტებსა და „Global Europe“-ის ფარგლებში მიმდინარე ინიციატივებზე.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების, დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და საერთაშორისო მუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.


ინიციატივების განხილვისას სიტყვით გამოვიდა ქართველი დელეგატი მარიამ გრიგოლიშვილი, რომელმაც განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ტრანსფორმაციასა და საქართველოს როლზე, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელ მთავარ კარიბჭეზე. ასევე მოუწოდა ევროკავშირს, მეტად დაუჭიროს მხარი მუნიციპალიტეტებს შორის პირდაპირ, პარტნიორულ გაცვლით პროგრამებს და ეს მიდგომა ასახოს „Global Gateway“-ის საინვესტიციო ფონდებში, რათა ადგილობრივი განვითარება სრულად შეესაბამებოდეს რეგიონულ სტრატეგიულ მიზნებს.


მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე დელეგატებმა ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა, პარტნიორობის მეოთხე საგრანტო შეთანხმების (SGA4) განხორციელების პროცესი და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები განიხილეს.