დამისამართების საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის წევრებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
რუსთავის საკრებულოში ქუჩების დამისამართების საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის წევრებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში დეპუტატებმა მოქალაქეებს ქუჩებისთვის სახელების მინიჭების პროცედურები, კრიტერიუმები და გადაწყვეტილების მიღების ეტაპები დეტალურად გააცნეს.
დარიგდა საინფორმაციო ბარათები, სადაც მოქალაქეები საკუთარ მოსაზრებებს, რეკომენდაციებსა და შეთავაზებებს დააფიქსირებენ.
პირველ ეტაპზე, სახელის მინიჭება ორ ქუჩაზეა დაგეგმილი რომელიც მე-12 და მე-19 მიკრორაიონში მდებარეობს.
შეხვედრაზე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კოკაია, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე და დეპუტატები იმყოფებოდნენ.
ქუჩებზე სახელების მინიჭების პროცესი რუსთავის ურბანული განვითარების მიზნით ხორციელდება, რაც მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდას და გადაადგილების გამარტივებას უზრუნველყოფს.
ქუჩას შეიძლება დაერქვას მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის, სახელმწიფო ან/და საზოგადო მოღვაწის, ისტორიულ-გეოგრაფიული ობიექტის, ისტორიულ-კულტურული მოვლენის სახელწოდება.
სახელმწიფო ან/და საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭების შემთხვევაში მისი გარდაცვალებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 20 წელი.
ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში არ შეიძლება რამდენიმე ქუჩას ერქვას ერთი და იგივე სახელწოდება.











