რუსთავში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი სადღესასწაულო პროგრამა დილიდან დაიწყო – თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საკრებულოს დეპუტატები და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დაესწრნენ.
ტრადიციულად, მოეწყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ჩატარდა ადგილობრივი ქორეოგრაფიული სტუდიების კონცერტი და საბავშვო მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენები.
ქალაქის მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში განთავსებული იყო 26 მაისის ინსტალაცია და რუსთავის ჭალის ტყის საინფორმაციო კედელი – ,,დარგე შენი სახელობის ხე”. ისტორიულ პავილიონში რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი ექსპონატების ასლები გამოიფინა.
გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ღვინის დეგუსტაცია.
სიმბოლურად, 17:10 საათზე, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
სადღესასწაულო პროგრამა გალა-კონცერტით დასრულდა.
















