ლეონიძის სახელობის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება
ქალაქში ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მისამართს – ლეონიძის სახელობის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ამ ეტაპზე, მესხიშვილის ქუჩის კვეთიდან ფანცულაიას ქუჩის კვეთამდე მონაკვეთზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა უკვე დასრულებულია. ფანცულაიას ქუჩის კვეთიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე კი გზის საფარის მოფრეზვის სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კომპანია GWP წყლის და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, 13 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სამფენიანი გზის საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები, ველობილიკი, მწვანე სივრცეები და პარკინგი. გათვალისწინებულია გარე განათების ქსელის, საგზაო ნიშნების, მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელების და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობაც – სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 934 439 ლარით ფინანსდება.












