Hot Line 13 00

მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაცია იწყება

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება, რომელიც მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია ,,ჯი ვი პი” წყლის და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას დაიწყებს.

დაგეგმილი სამუშაოები მოსახლეობას ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტუხაშვილმა კომპანია ,,ჯი ვი პის” წარმომადგენლებთან ერთად გააცნეს.

მელიქიშვილის და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაცია, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე იწყება – ამ ტერიტორიაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა, ათწლეულების განმავლობაში არ არსებობდა.

საგზაო სამუშაოებისთვის, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტში 4 819 198 ლარია გათვალისწინებული.
,,ჯი ვი პის” პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.